Saturday, September 1, 2012

იმიტომ...

27 ივლისს ვერაფერი დავწერე, არა და ყოველ დაბადების დღეს გადავაფასებ ხოლმე მთელ წელიდწადს. მაგრამ ამჯერად ზედმეტად ბედნიერი ვიყავი რამის დასაწერად. ასეც ხდება, როცა ბედნიერი ხარ სიტყვები სივრცეში გეკარგება.

თუმცა ბედნიერების ნუ შეგეშინდებათ, ის არ არსებობს:)


ამ წელს, ჩემი ადამიანი დავკარგე, ყველაზე ახლობელი და ერთგული, ბევრი ვიდარდე, ბევრი მეტკინა, მაგრამ ტკივილი სევდანარევ სითბოთ გადაიქცა და გულში მოთავსდა.ასეა ხოლმე, სანამ მთლიანად არ შეივსება გული ვიქნები,  მერე მეც წავალ და ერთ სევდანარევ სითბოს მეც დავტოვებ.

ინტერესთა სფერო, როგორც ყოველთვის კიდევ უფრო გაფართოვდა და უკვე აღარ ვიცი, დარჩა ისეთი რამ, რაც არ მაინტერესებს.....

წარსულის ადამიანებს აღარ შევხვედრივარ და ალბათ აღარ შევხვდები, დასასრულიდან დასაწყისს ვერ შევქმნი.

ადამიანები ხშირად მეკითხებოდნენ, რატომ არ ვართ ბოლომდე კმაყოფილი ცხოვრებით და რატომ გვრჩება სიცარიელე, ყოველი ახალი წარმატების მიღწევის შემდეგ? რატომ არის ცხოვრება ესეთი სულელური? რატომ არ გვიმართლებს? რატომ ვიტანჯებით? რატომ ვკარგავთ? რატომ გვტკივაო?

ვცდილობდი ამეხსნა:

იმიტომ,რომ სიყვარული დაკარგეთ ნამდვილი, არაეგოისტური მოყვასის სიყვარული.
იმიტომ,რომ სიყვარული გგონიათ, როცა ერთ დღეში შეგიძლიათ შეიძულოთ სხვასთან წასული საყვარელი ადამიანი, 'ეს როგორ გამიბედას' გამო თქვენი გრძნობა ერთ წამში იმსხვრევა და აღმოჩნდება,რომ ეს სიყვარული კი არა, უბრალოდ ეგოიზმი და უაზროდ ჩაფრენა იყო, საკუთარ თავთან ურთიერთობა. ამის გამო  აუცილებლად უნდა დაგეკარგათ გამოსაფხიზლებლად, სამყაროს უნდა განეკურნეთ, სანამ სული მთლიანად ჩაკვდებოდა. ეს ის სული, რომელიც არავის ახსოვს, ერთ კუთხეში მიჭყლიტავენ და მერე გაუთავებელი ტკივილები იწყება ყველა მხრიდან, სანამ არ აღმოვაჩენთ,რომ ეს მოკუნტული და დავიწყებული ცდილობს ისევ ჩვენში გაიმართოს და ჩვენშივე შეავსოს სიცარიელე.


იმიტომ,რომ ერთ ადამიანს გადააფრქვევთ ხოლმე ერთგულებას, სითბოს, ყველაფერს რაც რამე კარგი გაქვთ, საკუთარ პიროვნებებს კარგავთ და მას ჩუქნით, კერპად აქცევთ და ეთაყვანებით, სხვა ადამიანების მიმართ სიყვარული გინელდებათ და უკვე აღარც კი გინდათ მათი ნახვა. საბოლოოდ ტკივილამდე მიდიხართ და ისევ საკუთარი 'შელახული თავმოყვარეობა' გტკივათ, ვიდრე სხვა რამ. ისევ 'ხალხი რას იტყვის' გტკივათ და ისევ 'მე მაინც მაგარი ვარ' გტკივათ,  ამით ეს 'საძულველი ცხოვრება' კარგ გაკვეთილს ატარებს გამოსაფხიზლებელს, ვიწრო ხედვის გასაფართოებელს. ამპარტავნება და ეგოიზმი ხო მხოლოდ ტკივილით იკურნება.

იმიტომ,რომ ყველას ადარდებს როგორ გამოჩნდება ხალხში, რას იფიქრებენ მასზე სხვები. ვის სჭირდება ეს? არაფერია მარადიული, ყველაფერი რომ წარმავალ ფერს მიიღებს, ვის დასჭირდება ტაშის კვრით გადარეული ადამიანები. ან რატომ მოითხოვთ ყველასგან თაყვანისცემას და ერთმანეთისგან ცარიელი კერპების შექმნას?!


იმიტომ,რომ ერთმანეთი დავკარგეთ ჩვენ.

ყველა რაღაცას მალავს იმის დარდით, სხვამ კიდევ სხვასთან რამე არ თქვას და ამით ჩვენი 'დიდებული პიროვნება' არ დაკნინდეს, მერე რაღა ეშველება ამხელა დაჭმუჭნულ ამპარტავნებას და პატივმოყვარეობას. ვინღა გაამრთელებს.


იმიტომ, რომ ღმერთი დავკარგეთ, როგორც დუმბაძე წერს, გაბითურებული ღმერთი. ჩვენი ცოდვების და უსიცოცხლო სიტყვების ამარა დარჩენილი.


იმიტომ,რომ ბრძოლა გეზარებათ სულიერი განვითარების მისაღწევათ, ყოფითზე ხართ მარტო მიჯაჭვული და ყოველ დღე ახალ და ახალი ცარიელი საგნებით ივსებთ სიცარიელეს.

აი, ამიტომ არის ტკივილი, უკმაყოფილება, ამიტომ გეჩვენებათ ცხოვრება სულელურ რამედ, რომლის შემდეგ არც გაინტერესებთ და არც გიფიქრიათ,რომ ახალი ცხოვრება იწყება.