ავარია, რომელიც მოხდა_ შენსა და სამყაროს შორის,
არ იყო უბედური შემთხვევა,
და არც წინასწარ გამიზნული შემთხვევა,
და მაინც ნუ აუხსნი, იმიტომ რომ ავარია რომელიც მოხდა
გაიწელა დროსა და სივრცეში და შიგნით ცხოვრობ.
და ნუ აუხსნი, მაინც ვერ გაიგებენ,
რომ შენი ლიმონივით ჩაწურული გული ვიღაცამ ჩაივით მოსვა.
შენი ნერვები კი ფეხსაცმელს თასმებად შეაბა
და ისე განასკვა რომ აღარასდროს გაიხსნება
და შემთხვევითი ფეხის დადებით ვეღარ წააქცევს.
და ნუ აუხსნი, კაცობრიობა გარდატეხის ასაკში შედის
და ისეთი ამბოხება დაეწყო რომ...
აზრი არა აქვს მოყევი ზღაპარი კონკიაზე
და ხმამაღლა თქვი რომ არ გჯერა
არ დამალო რომ ყველა ბავშვს იმისთვის გააჩენ
რომ მერე მოკვდნენ.
გაიხადე კაბა, რომელიც შენთვის არ შეუკერიათ
და შემთხვევითი გამვლელივით შემთხვევითი ფულით იყიდე.
თქვი რომ ტუალეტები რომ არ იყვნენ
ყველა ახლად გარემონტებული სახლი იყროლებს
მოთხოვე ადამიანებს ტუალეტების პატივისცემა
დიაგნოზი რომლითაც ცხოვრობ_ არ არის სიცოცხლე
დანიშნულება რომლითაც ცხოვრობ_არ არის სიყვარული
და ექიმი, რომელსაც მიმართავ_არ არის ღმერთი
და სიტყვები, რომლებსაც ამბობ_ ვერ ამბობენ ყველაზე მთავარს
და ნუ აუხსნი!
ნუ აუხსნი!
ნუ აუხსნი!
ნუ! ნუ! ნუ! ნუ! ნუ!
იმიტომ რომ ავარია რომელშიც ცხოვრობ არ იყო უბედური შემთხვევა
და არ იყო წინასწარ განზრახული
და არ იყო შეჯახება შენსა და სამყაროს შორის...
და თვალების წარამარა დახუჭვით
ნახევარი ცხოვრება გრჩება კადრს მიღმა_ კადრებს მიღმა,
სადაც ჩემს თითებს შორის ცხოვრობდი და კვდებოდი მერე ფურცლებზე.
და არ აგიხსნი, იმიტომ რომ აზრი არა აქვს
და ავარია რომელიც მოხდა….
შენ ხარ...